ახალი ამბები
ბოლო ორი თვის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო ნადირობის 82 ფაქტი გამოვლინდა - გზდ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ნადირობის სეზონის დაწყებიდან 2 თვეში, 19 აგვისტოდან 19 ოქტომბრის ჩათვლით, სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო ნადირობის 82 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული სამართალდარღვევის 448 ფაქტი დაფიქსირდა.

"გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან, 345 შემთხვევაში, სამართალდამრღვეებმა ნადირობისას აკრძალული იარაღი, მეთოდი ან საშუალება გამოიყენეს. 91 მონადირე გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული მოსაკრებლის გარეშე ნადირობდა, 5-მა მოქალაქემ ქალაქის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინადირა, 6 შემთხვევაში კი, მონადირეებმა აკრძალული სახეობები მოინადირეს", - ვკითხულობთ გზდ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აქვე ხაზგასმულია, რომ სამართალდარღვევებიდან საკმაოდ ბევრია უკანონო საშუალებით - ფრინველის მოსაზიდი ხელნაკეთი ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული მოწყობილობით ნადირობის ფაქტებიც.

Print