ახალი ამბები
ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა მიმდინარეობს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სამხედრო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო, ამის შესახებ ე.წ. თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

ამავე ინფორმაციით, გაწვევის პირველ დღეს "სამხედრო კომისარიატების წარმომადგენლებმა, წვევამდელებმა და მათმა მშობლებმა დიდების მემორიალთან ყვავილები მიიტანეს".

საშემოდგომო გაწვევის შესახებ "განკარგულება", ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს გამოსცა. 

"განკარგულების" თანახმად, 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაიწვევენ 18 - დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეებს, "რომლებიც არ არიან რეზერვში და ექვემდებარებიან სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლას, ხოლო სამხედრო მოსამსახურეები, რომელთაც გაწვევის ვადა ამოიწურა, გათავისუფლდებიან სამხედრო სამსახურიდან".

ამავე ცნობით, "მინისტრთა კაბინეტს, რაიონის გამგეობებს და ქალაქ სოხუმის ადმინისტრაციას დაევალა სამხედრო სამსახურში გაწვევასა და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა".






Print