ახალი ამბები
სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის 2024 წლიდან ახალი სტანდარტები წესდება
სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება, კერძოდ კი მკაცრდება როგორც საქმიანობის დაწყების, ისე ოპერირების წესები. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პროექტი, რომელიც ამ ცვლილებებს ითვალისწინებს, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა სხდომაზე განიხილეს.

„ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო დეტალურად გაიწერა ინფექციის პრევენციის, კონტროლის, სტერილიზაცია-დეზინფექციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის აუცილებელი კრიტერიუმები. პროცესის უკეთ სამართავად სავალდებულო გახდა დაწესებულებაში ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის გამოყოფა. სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, უზრუნველყოს თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და სკრინინგი C ჰეპატიტზე ექვს თვეში ერთხელ“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

ამავე ცნობით, ცვლილებებით განსაზღვრული მოთხოვნები, არსებული სტომატოლოგიური კაბინეტებისა და კლინიკებისთვის, სავალდებულო 2024 წლის იანვრიდან იქნება. ახალი დაწესებულებები კი მხოლოდ ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ საქმიანობის დაწყებას.








Print