ახალი ამბები
რვა პალესტინელი ლტოლვილი ენგურის ხიდით აფხაზეთში ჩასვლას გეგმავდა - შამბა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ ენგურის ხიდზე რვა პალესტინელი ლტოლვილის დაკავების შესახებ განაცხადა, რომლებიც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში, ენგურის ხიდის გავლით, შესვლას ცდილობდნენ, წერს "ეხო კავკაზა".

შამბას თქმით, საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს შეუთანხმდნენ მათ უკან დაბრუნებაზე.

"არაბი ლტოლვილები, რადგან საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთეს, რუსმა მესაზღვრეებმა, რა თქმა უნდა, დააკავეს და ჩვენს ხელისუფლებას გადასცეს. კანონის მიხედვით, ჩვენ გვაქვს მუხლი საზღვრის უკანონო გადაკვეთაზე, მაგრამ ლტოლვილების მიმართ, ბუნებრივია, ასეთი ზომები არ გამოგვიყენებია. შესაძლებელი გახდა საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან მათი საქართველოში დაბრუნებაზე შეთანხმება", - თქვა შამბამ.

მისივე თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა არ იძლევა ლტოლვილების მიღების საშუალებას.

მედიაში გავრცელებული ცნობით, მათი ნაწილი რუსეთში, ნაწილი კი გერმანიაში გეგმავდა გამგზავრებას.




Print