რეგიონი
ირაკლი ქარსელაძე პარლამენტში რიკოთის გზის უსაფრთხოებაზე საუბრობს
საერთაშორისო პროცედურების მაღალი სტანდარტი განაპირობებს რიკოთის უპრეცედენტო პროექტის ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტიას, ახალი გზა კი ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, მათ შორის, გარე განათების სისტემასაც, - ამის შესახებ რეგიონული გავნითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამინისტროს 2022 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მან პარლამენტშივე აღნიშნა, რომ 2022 წელს სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა მაგისტრალური გზის 192 კმ-ზე, ხოლო რამდენიმე დღის წინ ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა რიკოთის მაგისტრალური გზის 27 კმ-იან მონაკვეთზე. ქარსელაძემ ასევე განმარტა, რომ რიკოთის მაგისტრალური გზის, 4 ზოლიანი, 27 კმ-იანი ხევი-შორაპნის მონაკვეთი იყო ყველაზე გამომწვევი მონაკვეთი რელიეფიდან გამომდინარე, რომელზეც განლაგებულია 65 ხიდი და 38 გვირაბი. შესაბამისად, მისი თქმით, ამ მონაკვეთზე აშენებულია რიკოთის მთელი პროექტით გათვალისწინებული გვირაბების 75% და ხიდების 67%.

„საერთო ჯამში, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის 261 კმ უკვე გახსნილია და სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალის 81 კმ-ზე.პროექტის ფიზიკური პროგრესი არის 83% და მომდევნო წელს დასრულდება“,-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა რიკოთის გზის უსაფრთხოებას და აღნიშნა, რომ მაგისტრალური გზის პროექტირებაზე, წინასაპროექტო კვლევებზე, მშენებლობასა და ხარისხის ზედამხედველობაზე იმუშავეს და დღესაც მუშაობენ მაღალი კვალიფიკაციისა და დიდი გამოცდილების უცხოური და ადგილობრივი კომპანიები. პროექტში ჩართული იყო 140 სპეციალისტი, ხოლო ზედამხედველობაში ჩართულია 146 უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტი.


,,როდესაც აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანზე ვსაუბრობთ, უმნშვნელოვანესია ვახსენოთ შუა დერეფანი, რომლის აქტუალობაც კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, რომლის ფარგლებშიც გაიხსნა 27 კმ -იანი მონაკვეთი. მიმდინარე მშენებლობები უმნიშვნელოვანესია შემდგომი მიზმიდველობის გაზრდისა და პოტენციალის სრული გამოყენებისათვის“, - აღნიშნა ქარსელაძემ.

„სამუშაოები დარჩენილ 2 მონაკვეთზე ინტენსიურად გრძელდება. ამ დროისათვის, რიკოთის პროექტით გათვალისწინებული 51 გვირაბიდან უკვე გაჭრილია 48 გვირაბი და 97 ხიდიდან აშენებულია 83 ხიდი. სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ ხიდსა და გვირაბზე, მთლიანად რიკოთის პროექტი 2024 წელს დასრულდება“,-აღნიშნავენ სამინისტროში.
Print