ახალი ამბები
რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში გათხევადებული აირის "უბაჟო ექსპორტის" შესახებ ოქმის რატიფიცირება მოახდინა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ოკუპირებულ აფხაზეთთან "სავაჭრო რეჟიმის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმების ოქმის რატიფიცირების შესახებ". დოკუმენტი გამოქვეყნდა სამართლებრივი აქტების ოფიციალური გამოცემის ვებგვერდზე, წერს "აფსნიპრესი". ამავე ცნობით, კანონი სახელმწიფო დუმამ 17 ოქტომბერს მიიღო და ფედერაციის საბჭომ 25 ოქტომბერს დაამტკიცა. 

შესაბამის ოქმს მოსკოვში 2023 წლის 16 მაისს მოეწერა ხელი. 

"პროტოკოლის დროებითი გამოყენება გათვალისწინებულია იმის გამო, რომ პროპანი აუცილებელი საქონელია. ამასთან, ენერგოდეფიციტის პირობებში, აფხაზეთის რესპუბლიკის მოსახლეობის უზრუნველსაყოფად, საჭიროა წელიწადში 2 ათასი ტონა გათხევადებული აირის მიწოდება", - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

ოქმში მოცემულია საქონლის ნუსხა, რომელიც მოსკოვს სოხუმში "უბაჟოდ" შეაქვს, მათ შორის - გათხევადებული აირიც.

2 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის "სახალხო კრებამ" დაამტკიცა რუსეთთან საქონლით ვაჭრობის რეჟიმის შესახებ შეთანხმებაში შეტანილი ცვლილებები და შესაბამისი ოქმის "რატიფიცირება" მოახდინა.



Print