ოკუპირებულ აფხაზეთში გამოჩნდა შემდეგი შინაარსის წარწერები: "აფხაზეთი რუსული ხომალდების ადგილი არ არის!". მათი ავტორი ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების გემების განლაგების გეგმებს აპროტესტებს.
საპროტესტო პლაკატებმა უკმაყოფილება გამოიწვია სოხუმის მოსახლეობის ნაწილში. ტელეგრამ არხის "ЧП Абхазия" – ს ერთ - ერთი გამომწერი წერს:
"ამ პლაკატებს უკვე ერთი კვირაა ვხსნი სანაპიროზე (სოხუმთან, სადგურ კელასურთან). ვინც ამ რაიონში ნაძირლების დაჭერაში დამეხმარება, ჭაჭა ჩემზეა!"
ამავე პოსტის კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები აკრიტიკებენ "მტერს", რომელიც "დივერსიულ" საქმიანობას ეწევა დე ფაქტო რესპუბლიკაში:
"მალე, ალბათ, რაღაც ოკუპანტებზე წარწერებიც გამოჩნდება".
სხვები თვლიან, რომ პლაკატების ავტორი, ამ წარწერების გამოქვეყნებით, "ბავშვივით" იქცევა და "თავის გმირობას აძლიერებს".
ზოგი კი წერს: " ვინც აკრავს, ისინი ვერ ხვდებიან, რომ ეს გემები მათ ტ...ს დაიცავენ".
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ, ოქტომბრის დასაწყისში, რუსული გამოცემა "იზვესტიასთვის" მიცემულ ინტრევიუში განაცხადა, რომ ოჩამჩირის რაიონში რუსული სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზის განთავსება იგეგმება. მან განმარტა, რომ შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს სოხუმში, 30 სექტემბერს, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე სარაკეტო ხომალდზე, რომელიც ქალაქის ნავსადგურში "ქართულ-აფხაზურ ომში გამარჯვების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად" შევიდა.
ამავე თემაზე: ანაკლიიდან 4 კილომეტრში რუსული საზღვაო ფლოტის განთავსებაზე ხელისუფლების რეაგირება არასაკმარისია - DRI
მასალის გამოყენების პირობები