ახალი ამბები
სახელმწიფო ბიუჯეტის მოტყუებით დაუფლებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყო
ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანებისა და ცრუ მეწარმეობის, ბიუჯეტის კუთვნილი ფულადი თანხების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყო.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათ მმართველობაში არსებული კომპანიების სახელით, გაწერეს 2 345 524 ლარის ღირებულების დღგ-ს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თითქოსდა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების თაობაზე. უწყების ცნობით, მათ ამ გზით შეიქმნეს 357 791 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი, საიდანაც 164 375 ლარი გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების შესამცირებლად, ხოლო დარჩენილი თანხა - 193 416 ლარი დაიბრუნეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 185-ე და 180-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print