ახალი ამბები
სოხუმში ენგურის ვარდნილჰესის კასკადის სადგურების კერძო კომპანიისთვის გადაცემის საკითხს განიხილავენ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „სახელმწიფო“ გაერთიანება “ჩერნომორენერგომ“ ე.წ. პარლამენტში გადაგზავნა იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ენგურის ვადრნილჰესების კასკადის II, III და IV სადგურები კერძო კომპანია „სოხუმჰესს“ უნდა გადაეცეს.


 

ამის შესახებ Telegram-არხი D News Абхазия ავრცელებს ინფორმაციას. ამავე ცნობით, „სოხუმჰესის“ ერთ - ერთი დამფუძნებელი კომპანია „ჩერნომორენერგოს“ ყოფილი დირექტორი, აფხაზი დეპუტატი რეზო ზანთარიაა.

აფხაზური ენერგოკომპანია "ჩერნომორენერგოს" თანახმად, 5 ნოემბრიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას ელექტროენერგია რუსეთის ფედერაციიდან მიეწოდება. ამავე ცნობით, "ნაკადი უზრუნველყოფს რესპუბლიკის დასავლეთ და ცენტრალური ნაწილების ენერგომომარაგებას".

"თუმცა, ჯვრის წყალსაცავში წყლის დონის შემცირებისა და წყლის არასაკმარისი მოცულობის გამო, შესაძლებელია ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე", - ნათქვამია განცხადებაში.

Telegram - არხი D News Абхазия - ს თანახმად, დაახლოებით ამავე პერიოდში „ჩერნომორენერგომ“ აფხაზეთის „პარლამენტს“ გადაუგზავნა იჯარის ხელშეკრულება „სოხუმჰესისათვის“ ვარდნილჰესების კასკადის სამი ელექტროსადგურის (თითოეულის სიმძლავრე 40 მგვტ) საკუთრებაში გადაცემის შესახებ:

"რთული არაა ვივარაუდოთ, რომ ამ ორ საინფორმაციო შეტყობინებას შორის პირდაპირი კავშირია. შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინ რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ აფხაზეთის ხელმძღვანელობამ არ შეასრულა დაპირებები ენერგეტიკის კანონში იმ ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლებიც ენერგეტიკული ობიექტების პრივატიზებას გაუხსნიდნენ გზას“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ენერგეტიკის სფეროში შექმნილი პრობლემების გადაჭრა რთული იქნება კერძო ინვესტიციების მოზიდვის გარეშე. ასეთივე მიდგომა, უფრო ზუსტად მკაცრი რეკომენდაცია, აქვს რუსეთის მთავრობასაც, რომელმაც არაერთხელ მიანიშნა სოხუმს, რომ რუსული ბიზნესი მხოლოდ პრივატიზების პროცესის დასრულების შემდეგ ჩადებს ფულს ადგილობრივი ენერგოქსელისა და გენერაციის ობიექტების რეაბილიტაციაში, წერს „ეხო კავკაზა“.

გამოცემის ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის ყოფილი წევრი, გარი კოკაია ფიქრობს, რომ ვარდნილჰესების კასკადის სამი სადგურის (II, III, IV) კერძო კომპანია „სოხუმჰესისათვის“ გადაცემა სწორედ ამ პროცესის ნაწილია და ის უნდა შეჩერდეს.  ის დარწმუნებულია, რომ "პარლამენტი" ამ გარიგებას მხარს არ დაუჭერს.


 

Print