ახალი ამბები
თეა ახვლედიანმა და რობინ დანიგანმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მდგომარეობაზე ისაუბრეს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რობინ დანიგანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

სახელმწიფო მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ასევე 2023 წლის 6 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით აშშ-ის მიერ გაკეთებული განცხადებისთვის.

მისივე თქმით, აღსანიშნავია პარტნიორების როლი უკანონოდ დაკავებული მეორე მოქალაქის უმოკლეს ვადაში გათავისუფლების საკითხში.

"შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მძიმე თანმდევი შედეგები, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევები, ეთნიკური დისკრიმინაციის, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფისა და უკანონო დაკავების, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის ჩათვლით", - აღნიშნულია მინისტრის აპარატის ოფიციალურ გვერდზე.

გარდა ამისა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებაზე.




ფოტო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი
Print