ახალი ამბები
ოკუპირებულ აფხაზეთში შეიარაღებულ დაჯგუფებას ეძებენ
ოკუპირებულ აფხაზეთში დივერსანტების შეღწევის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის, ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას.
8 ნოემბერს "შინაგან საქმეთა მინისტრმა" რობერტ კიუტმა განაცხადა, რომ უშიშროების ძალები გულრიფშის რაიონში შეიარაღებულ პირთა ჯგუფს ეძებენ. მან აღნიშნა, რომ ადგილობრივმა მონადირეებმა გულრიფშის რაიონის სოფელ აზანთას მიდამოებში შვიდი შეიარაღებული მამაკაცი შენიშნეს. ცნობები აფხაზურმა "ტელეგრამ"- არხებმა, შემდეგ კი ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრმა და აფხაზურმა სააგენტოებმა გაავრცელეს.

"ეხო კავკაზას" თანახმად, რუსული გამოცემა "რია ნოვოსტი" იტყობინებოდა, რომ "აფხაზეთის ძალოვანი უწყებები მთებში ეძებენ რამდენიმე შეიარაღებულ ადამიანს. მონადირეებისგან მიღებული მონაცემებით, "მათ უცხოური იარაღი აქვთ, აცვიათ შავი ფორმა, უკეთიათ ნიღბები და კარგად არიან ეკიპირებულები".

ამავე ცნობით, თავდაპირველად "საქართველოდან დივერსიული ჯგუფის შესვლის შესახებ" დაწერა კრემლის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის "ტელეგრამ"-არხმა "Соловьев LIVE". როგორც ის აღნიშნავდა, ჯგუფის შესვლის მიზანი "სოხუმის აეროპორტში ტერაქტის მოწყობა" იყო". მოგვიანებით, "Соловьев LIVE"-მა ცნობა წაშალა.

თბილისში აფხაზური წყაროების მიერ გავრცელებულ ცნობაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.






Print