ახალი ამბები
ოკუპირებულ აფხაზეთში ისევ გამოჩნდა ბანერები, რომლებიც ოჩამჩირეში რუსული ბაზების განთავსებას აპროტესტებენ
ოკუპირებულ აფხაზეთში ისევ გააკრეს ბანერები, რომლებიც ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო ძალების ბაზის განთავსებას აპროტესტებენ, ამის შესახებ აფხაზური ტელეგრამის არხი იუწყება.

ამჯერად, საპროტესტო პლაკატი წარწერით: "რუსული პორტი - ეს ომია", სანაპიროს მიმდებარედ გამოჩნდა. მასზე გამოსახულია გადახაზული სამხედრო გემი.

"და ისევ გრძელდება ამის გავრცელება..." - წერს ტელეგრამ არხზე პოსტის ავტორი.


პოსტს სოციალური ქსელის აფხაზური სეგმენტის მომხმარებლების გამოხმაურება მოჰყვა, ზოგიერთი მათგანი, ბანერის გამავრცელებელს "დივერსანტს" უწოდებს, სხვები წერენ, რომ "რუსეთი ამჟამად საქართველოს თავდასხმებისგან" იცავს მათ. არის ასეთი კომენტარიც: "დღეს არის რუსეთის ინტერესი ჩვენი ტერიტორიის მიმართ მისი ტერიტორიული მდებარეობიდან გამომდინარე".

შეგახსენებთ, რომ ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზის განთავსების წინააღმდეგ მიმართული პლაკატები სოხუმში ნოემბრის დასაწყისშიც გამოჩნდა. მათი ავტორი წერდა, რომ "აფხაზეთი რუსული ხომალდების ადგილი არ არის".

Print