ახალი ამბები
აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაკარგული კიდევ 20 პირის ნეშტი თბილისში გადმოასვენეს
სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლობით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება მოხერხდა, მათგან 14 – სამხედრო და 6 მშვიდობიანი მოქალაქეა. ინფორმაციას მინისტრის აპარატი ავრცელებს.

შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი ორი დღის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში იმართება. ხუთ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

"1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში, პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე, მექანიზმების ფარგლებში, ნაპოვნია 604 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 265, 2000-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
Print