რეგიონი
ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემია 2023 მამუკა ყუფარაძეს გადასცეს (ფოტო)
"ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემია 2023 – ჟურნალისტებისთვის" გამარჯვებული მამუკა ყუფარაძე გახდა. სპეციალურმა ჟიურიმ ის 6 კანდიდატს შორის გამოავლინა.

რიგით მეხუთე დაჯილდოების ცერემონია, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ნიკოსეული სასახლის საგამოფენო დარბაზში გაიმართა.

მამუკა ყუფარაძემ მადლობა გადაუხადა პრემიის დამფუძნებლებს და აღნიშნა, ჯილდოს, რომელიც საამაყოა, მასთან ერთად, მისი აფხაზი და ოსი კოლეგებიც იმსახურებენ. 

,,ძალიან ვღელავ, ძალიან გამიხარდა, ეს არის ძალიან საამაყო და საპატივცემულო ჩემთვის, რომ შენიშნეთ დააფასეთ ჩემი შრომა, თვითონ ეს პრემია არის ძალიან საყურადღებო, იმიტომ რომ მშვიდობა, რომელიც ესე ძალიან გვაკლია ჩვენ ქვეყანაში, როდესაც ჩვენ ვართ ამდენი ტრამვირებული, დაჩაგრული, სახელბიდან გამოშვებული ადამიანი, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ იმედს, რომ ჩვენ მშვიდობით აფხაზებთან და ოსებთან ერთად მაინც შევქმნით იმ მშვიდობას, რომელიც ორივესთვის იქნება მოსახერხებელი და მომავლის იმედის მომცემი, ჩვენ ამაზე ვშრომობთ... მშვიდობის ჟურნალისტიკაში, კონფილქტების გაშუქებაში ძალიან გვეხმარებიან წყალგამყოფს იქით მყოფი ადამიანები, ეს არის ჩვენი კოლეგები ოსები, აფხაზები და მე მინდა, რომ აი, ეს ჩემი პრიზი გავუყო ჩემ აფხაზ და ოს კოლეგებს, ვისთან ერთადაც მე შექმნილი მაქვს რამდენიმე ნამუშევარი..’’ - აღნიშნა მამუკა ყუფარაძემ.

წლევანდელ პრემიაზე ნომინირებულები იყვნენ: მამუკა ყუფარძე, გოგა აფციაური, ირაკლი ჩიხლაძე, ელისო ხუტკუბია, ლალი პაპასკირი და რადიო “ათინათის” ჟურნალისტი მაია ფიფია.

ღონისძიებას ავსტრიის საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტ კლაუდია არპას ხელმძღვანელობით სტუმრობდა.

“ბერტა ფონ ზუტნერი იყო არა მხოლოდ წარმატებული ჟურნალისტი, არამედ ყველა დროის ერთ-ერთი პირველი ქალი პოლიტიკური ჟურნალისტი, რომელიც გარდა იმისა, რომ იყო თავისი იდეებისა და მშვიდობის გამორჩეული მებრძოლი, ასევე სამშვიდობო მოძრაობების ფუძემდებელი, ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით გვიხარია, რომ ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემიის ფოკუსში 2023 წელს სამშვიდობო ჟურნალისტიკა მოექცა”,-ვკითხულობთ ორგანიზატორების განცხადებაში.

"ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია" 2019 წელს საინიციატივო ჯგუფმა "ნდობა მშვიდობისთვის" ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დააფუძნა, რომელიც ტრადიციულად ზუგდიდში - მშვიდობის ქალაქში გაიცემა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიას ჟურნალისტს გადასცემენ - მერიამ 9 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა




Print