ახალი ამბები
ნაწულუკუსა და ჩხოროწყუში მდებარე აფხაზეთის სკოლების პროექტირება-მშენებლობისთვის 13 მლნ 141 518 ლარი გამოიყო
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწულუკუს (რუხის სკოლას დაქვემდებარებულ) და ჩხოროწყუში მდებარე აფხაზეთის N10 საჯარო სკოლების პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოებისთვის 13 მილიონ 141 ათას 518 ლარი გამოყო. შესაბამისი ტენდერი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით გამოცხადდა.

სამუშაოების დასრულების შემდეგ ნაწულუკუში სკოლის შენობა 100 მოსწავლეზე იქნება გათვლილი, აფხაზეთის მეათე საჯარო სკოლა კი - 400 მოსწავლეზე.

ამჟამად ნაწულუკუში მდებარე სკოლა, რომელიც რუხის საჯარო სკოლის კორპუსს წარმოადგენს, 60 მოსწავლეს იტევს და გაკვეთილები იქ მხოლოდ მეექვსე კლასის ჩათვლით ტარდება.

ამავე ტანდერით, გათვალისწინებულია სკოლების შიდა ინტერიერის, ოთახებისა და სველი წერტილების სრული რეაბილიტაცია, ასევე, გარე ფასადის, ეზოებისა და მოედნების მოწყობა.

სატენდერო წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 14 დეკემბრიდან დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება. სამუშაოები კი ხელშეკრულების დადებიდან ორ წელიწადსა და ოთხ თვეში უნდა დასრულდეს.


ფოტო: აფხაზეთის მეათე საჯარო სკოლა

Print