ახალი ამბები
წელს რუსეთიდან უფასო ელექტროენერგია „არ გამოვიდა“ - სოხუმი „მარაოსებრი გრაფიკის“ დაწესებაზე
სოხუმში მოსკოვის მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის საფასური 5 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით არის გადახდილი, შესაბამისად, თუ დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობა ვერ შეთანხმდება რუსეთის ფედერაციასთან შემოდგომა - ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის ახალი ნაკადის მიწოდებაზე, რისთვისაც 900 მილიონი რუბლის მოძიებაა საჭირო, ხვალიდან აფხაზეთში "მარაოსებრი გრაფიკი" დაწესდება, წერს "ეხო კავკაზა".

აფხაზური კომპანია "ჩერნომორენერგოს" დირექტორმა ტიმურ ჯინჯოლიამ ადგილობრივ ტელევიზიას განუცხადა, რომ წინა წლებში რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდებოდათ, თუმცა, წელს "არ გამოვიდა ":

"ან მკაცრი გრაფიკი, თითქმის 50/50, 12 საათი შუქით, 12 კი შუქის გარეშე. ან რუსეთის ფედერაციისგან ელექტროენერგიის შეძენა, პირობები არ ვიცი... დღის და ღამის საათების ტარიფიკაცია არსებობს, ღამით უფრო იაფია. ამიტომ, დღისით მხოლოდ გაგრა და გუდაუთის რაიონის ნაწილია ნაკადზე. შემდეგ ღამით გადავრთავთ მასზე ქალაქ სოხუმს და მიმდებარე სოფლებს, როცა ყველაზე იაფია გრაფიკი".

ოკუპირებული აფხაზეთის "ეკონომიკის" მინისტრმა ქრისტინა ოზგანმა, რომელიც ცოტა ხნის წინ მოსკოვიდან დაბრუნდა, სადაც ის და აფხაზი ლიდერი რუსულ მხარესთან მოლაპარკებებს აწარმოებდნენ, მათ შორის ენერგეტიკის საკითხებზე, განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, ელექტროენერგიაზე ტარიფების მკვეთრი ზრდა, არ განიხილება, საუბარია ხუთწლიან სატარიფო პოლიტიკაზე, რაც გულისხმობს, რომ პროცესი ეტაპობრივად განხორცილდება. ზამთრის პერიოდში ენერგოდეფიციტზე საუბრსას, მან ასევე აღნიშნა, რომ 2020 წლიდან 2023 წლამდე რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის მიწოდება ხდებოდა ჰუმანიტარულ საფუძველზე, წელს კი აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ თავად უნდა გადაიხადოს რუსული ელექტროენერგიის საფასური.

"წელს ელექტროენერგიის დეფიციტის დასაფარად დაახლოებით 900 მილიონი რუბლია საჭირო, საიდანაც აფხაზეთმა უკვე გადაიხადა 135 მილიონი. ახლა ჩვენ განვიხილავთ 200 მილიონი რუბლის ღირებულების ნაკადის მოწოდების საკითხს, რუსულ მხარესთან მოლაპარაკების პროცესი ჯერ არ დასრულებულა. რა თანხა იქნება საჭირო, საბოლოო ჯამში, დეკემბრის დეფიციტის დასაფარად, მოგვიანებით გახდება ცნობილი".

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთი ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს და ისინი თვითონვე არიან პასუხისმგებელი, გადაიხადონ მისი საფასური.

მანამდე, ენგურჰესის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ რადიო "ათინათს" უთხრა, რომ წელს ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოზე 60/40-ზე პრინციპით განაწილდება.



ამავე თემაზე:

ენგურჰესის გამომუშავებული ელექტროენერგია აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის 40/60-ზე პროპორციით განაწილდება - გია ხუბუა

წესით, აფხაზეთს არ დავეხმარებით - დავით ნარმანია
სოხუმი რუსული ელექტროენერგიისთვის 650 ათას დოლარს გამოყოფს

აფხაზეთში რუსული ელექტროენერგიის მიწოდება დაიწყო - "ჩერნომორენერგო"

რუსეთთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე, - "ჩერნომორენერგო"

Print