ახალი ამბები
წელს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა - სააგენტო
2023 წლის 10 თვეში, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 19%-ით გადააჭარბა. საქართველოს დაცულმა ტერიტორიებმა 1 015 024 ვიზიტორს უმასპინძლა. ამის შესახებ დაცული ტერიტორიების სააგენტო იუწყება.

ამავე ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, 29%-ით არის გაზრდილი უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობაც. 2023 წელს დაცული ტერიტორიების სტუმართა შორის 58% სხვა ქვეყნის მოქალაქეა.

2023 წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი მარტვილის კანიონს ესტუმრა, შემდეგ ყველაზე მეტი რაოდენობის სტუმარი ეწვია პრომეთეს მღვიმეს, მტირალას ეროვნულ პარკს, სათაფლიას, წალკის კანიონს.

"საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რეკორდული რაოდენობა 2019 წელს დაფიქსირდა. მიმდინარე წლის 10 თვეში, 2019 წლის მონაცემები 90%-ით არის აღდგენილი.

მიმდინარე წელს, ეკოტურიზმის განვითარებისთვის, სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე, 22,5 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განხორციელდება. 15 დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს 1 200 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების და თანმდევი ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო და მოსაწყობი სამუშაოები", - ვკითხულობთ სააგენტოს განცხადებაში.

Print