ახალი ამბები
სოხუმში, დრანდასა და ოჩამჩირეში მაინინგის 131 აპარატი ამოიღეს
ოკუპირებულ აფხაზეთში სამართალდამცავებმა კრიპტოვალუტის 131 მოწყობილობა ამოიღეს, მათგან 86 - ოჩამჩირის რაიონში, 30 - სოხუმის რაიონსა და ქალაქ სოხუმში, დანარჩენი კი დრანდაში. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის შსს ავრცელებს. ამავე ცნობით, ყველა სამართალდამრღვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობა დაეკისრა, წერს "აფსნიპრესი".

ინფორმაციისთვის, უკვე წლებია, ოკუპირებულ აფხაზეთში ზამთრის პერიოდში ენერგოდეფიციტის აღმოფხვრას ვერ ახერხებენ. ადგილობრივი ენერგოკომპანია "ჩერნომორენერგო" სხვა მიზეზებთან ერთად, კრიპტოვალუტის მზარდ, უკანონო მაინინგს ასახელებს. 2023 წლის 6 თებერვალს დე ფაქტო რესპუბლიკაში მაინინგის წინააღმდეგ საბრძოლველად შტაბი შეიქმნა, რომელსაც ე.წ. პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი ხელმძღვანელობს. 

ამასთან ერთად, აფხაზი ენერგეტიკოსები აცხადებენ, რომ აფხაზეთში ისევ "მარაოსებრი გრაფიკი" დაწესდება, თუ სოხუმი მოსკოვიდან ელექტროენერგიის ახალი ნაკადის მიწოდებისთვის 900 მილიონი რუბლის მოძიებას ვერ შეძლებს.




Print