ახალი ამბები
ჯანდაცვის მინისტრი რუხის კლინიკას ესტუმრა - მრავალპროფილური საავადმყოფო 140 პაციენტზეა გათვლილი
ჯანდაცვის მინისტრმა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, რუხის ახლად გახსნილი რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, ზურაბ აზარაშვილი კლინიკაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო, ექიმებთან ერთად, საოპერაციო შედეგები შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.

როგორც სამინისტრო იუწყება, რუხის საუნივერსიტეტო მრავალპროფილური კლინიკა 15 სექტემბერს გაიხსნა და ნეიროქირურგიის, ზოგადი ქირურგიის, ყბა-სახის ქირურგიის, ტრავმატოლოგიის, უროლოგიის, თორაკოქირურგიის, კარდიოლოგიის და სხვა მიმართულების განყოფილებები ამოქმედდა.

"დაწესებულება თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა და კვალიფიციური, ადგილობრივი და სხვადასხვა ქალაქებიდან მოწვეული სპეციალისტებით დაკომპლექტდა.

კლინიკამ ერთ-ერთმა პირველმა დააკმაყოფილა რეანიმაციისა და ქირურგიის განახლებული სტანდარტები. 2 თვის განმავლობაში, საავადმყოფომ უკვე 2000-ზე მეტ პაციენტს გაუწია სამედიცინო მომსახურება.
აღსანიშნავია, რომ კლინიკის სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, სამედიცინო სერვისით როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული მოქალაქეები სარგებლობენ.
კლინიკა, ამ ეტაპზე, 140 საწოლზეა გათვლილი. პაციენტებს როგორც სტაციონარული, ისე ამბულატორიული სერვისის მიღება შეუძლიათ. ასევე, ფუნქციონირებს 24-საათიანი გადაუდებელი მედიცინის განყოფილება.

რუხის მრავალპროფილური საავადმყოფო, ამ დროისთვის რეგიონში, ერთადერთი სამედიცინო დაწესებულებაა, სადაც ენდოპროთეზირებისა და სხვადასხვა სირთულის ნეიროქირურგიული ოპერაციები კეთდება, ასევე - თორაკოქირურგიული ოპერაციები, თორაკოსკოპიის საშუალებით", - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორად, 17 ნოემბრის ოფიციალური ბრძანების თანახმად, ლევან ბულია დაინიშნა.

ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო
Print