ახალი ამბები
ზუგდიდის მერია უფასო სასადილოს ბენეფიციარებისთვის 298 227 ლარს დახარჯავს
ზუგდიდის მერიამ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეებისთვის უფასო კვებით უზრუნველსაყოფად 298 227 ლარი გამოყო. შესაბამისი ტენდერი სამასი ბენეფიციარისთვის ყოველდღიური (11:00სთ-დან 14:00სთ-მდე) ერთჯერადი კვების გაწევას ითვალისწინებს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კვების მომსახურების გაწევასთან ერთად, შესაბამისი ფართით უზრუნველყოფაც უნდა შეძლოს. გარდა ამისა, ის ვალდებული იქნება აღნიშნული მომსახურება 2024 წლის 3 იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეასრულოს.

რაც შეეხება კვების მენიუს, 7 დღის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

ორშაბათი: ბორშჩი ვეგეტარიანული არაჟნით, მანანის ბურღულის ფაფა, კაკაო, ფუნთუშა და პური.

სამშაბათი: ვერმიშელის ან მაკარონის წვნიანი, კატლეტი და კარტოფილის პიურე, ხილის კომპოტი ხილის და პური.

ოთხშაბათი: ბარდის წვნიანი, თევზი, წიწიბურა, კისელი და პური.

ხუთშაბათი: ქათმის ბულიონი, მაკარონის ან ვერმიშელის ფაფა, ხილის კომპოტი და პური.

პარასკევი: ამოლესილი ლობიო, ბრინჯის ფაფა, ყველი, ხილის კომპოტი და პური.

შაბათი: ხორციანი სუპი, ტკბილი ფლავი, კისელი და პური.

კვირა: ვერმიშელის ან მაკარონის სუპი, წიწიბურა, კვერცხი, კომპოტი და პური.

ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 5-დან 8 დეკემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

Print