ახალი ამბები
ენმ-ს ხობის საკრებულოს 11 წევრიდან 10 ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხობის საკრებულოს 10 წევრი პარტიის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვს. ამის შესახებ მათ მიერ ხელმოწერილი განცხადება სოციალურ ქსელში ფრაქციის თავმჯდომარემ ია ჯიშკარიანმა განათავსა.

"დღეს, პარტია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში", არის მძიმე კრიზისი, რომლის გადალახვასაც შეუძლებელს ხდის, მოქმედი თავმჯდომარის რიტორიკა, ქმედებები და ერთობის ნების არ არსებობა.
იმისთვის რომ ერთობა გახდეს შესაძლებელი, ლევან ხაბეიშვილმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მისი მართვის შედეგებზე, გადადგეს და ფართო და წარმომადგელობითმა ყრილობამ აირჩიოს პოლიტიკური საბჭო.

ამ პოზიციას იზიარებენ და განცხადებას ხელმოწერით უერთდებიან, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 11-დან 10 საკრებულოს წევრი", - წერს ჯიშკარიანი.

პარტიის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ნაწილიც.

ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც შიდაპარტიულ არჩევნებში ნიკა მელიას უჭერდნენ მხარს.




Print