ახალი ამბები
მკვლელი სათანადოდ უნდა დაისაჯოს, რომ ქალზე მოძალადეებისთვის მაგალითი იყოს - ქმრის მიერ მოკლული ქალის დედა
გასული წლის მაისში ქმრის მიერ მოკლული სოფო კვარაცხელიას დედა მოითხოვს, რომ ნაცვლად შეფარდებული 20 წლიანი თავისუფლების აღკვეთისა, მის ყოფილ სიძეს უვადოდ პატიმრობა მიესაჯოს.

ჟურნალისტებს ხათუნა ნაჭყებიამ უთხრა, რომ ტყუილია, რასაც დაკავებული როინ მებონიას ოჯახი ამტკიცებს, თითქოს, მკვლელობის მომენტში მამაკაცი შეურაცხადი იყო. ფაქტს, რომ მებონია დანაშაულის ჩადენის დროს შერაცხადი იყო, სამხარეულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა ასაბუთებს.

"მას შემდეგ, რაც შემი შვილი მოკლა, გაახსენდა, რომ ბავშვის ინსულინი ჰქონდა სოფოს ჩანთაში, გაბრუნდა, აიღო წამალი, გამვლელი გააჩერა, ინსულინი მისცა და მისამართი უკარნახა, სადაც უნდა მიეტანათ. შეურაცხადი ამას იზამდა? ამ მკვლელობის შემდეგ და პროვოცირებით არაერთი ქალი მოკლეს. თუ ჩალით დახურულ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ, უნდა გაითვალისწინოს სასამართლომ, როგორ სასტიკად, 27 ჭრილობით, ხუთი მცირეწლოვნის თვალწინ მოკლა სოფო, დაისაჯოს სათანადოდ, მიესაჯოს სამუდამო პატიმრობა, რომ მაგალითი სხვებმაც ნახონ და აღარ განმეორდეს ქალზე ძალადობა", - ამბობს სოფო კვარაცხელიას დედა.

მისივე ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოში 7 დეკემბერს უნდა დასრულდეს პროცესი, რომელზეც პროკურატურა და მოკლულის ოჯახი პატიმრისთვის სასჯელის უმკაცრეს ზომას მოითხოვს.

არასრულწლოვანი შვილების თვალწინ, საზოგადოებრიც ტრანსპორტში, საკუთარი ცოლი დანით როინ მებონიამ 2022 წლის 21 მაისს მოკლა. პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის ორი თებერვლის გადაწყვეტილებით, ბრალდებული სავალდებულო სამედიცინო მკურნალობას, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში გადის, შემდეგ კი სასჯელის მოხდას პენიტენციურ დაწესებულებაში გააგრძელებს.



Print