ახალი ამბები
ხობის მერიამ უფასო სასადილოსთვის 110 000 ლარი გამოყო
ხობის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქში მდებარე უმწეოთა სასადილოს მომსახურებისთვის 110 ათას ლარს დახარჯავს. შესაბამისი ტენდერი 155 ბენეფიციარისთვის ყოველდღიური (13:00 – 16:00სთ-მდე), ერთჯერადი კვების გაწევას ითვალისწინებს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მომსახურების უზრუნველსაყოფად ტენდერში გამარჯვებული კომპანია შეძლებს ისარგებლოს მერიის ბალანსზე არსებული შენობით, ავეჯით, სამზარეულო ინვენტარითა და საჭირო ტექნიკური აღჭურვილობით.

"უმწეო ბენეფიციართა კვება უნდა მოხდეს ქ. ხობში. კვება ძირითადად უნდა განხორციელდეს ადგილზე, ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში დასაშვებია სახლში გატანა წარმომადგენლის მეშვეობით", - ვკითხულობთ სატენდერო ხელშეკრულების პროექტში.

ტენდერში წინადადებები მიიღება მიმდინარე წლის 9-დან 11 დეკემბრის ჩათვლით. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება აღნიშნული მომსახურება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შეასრულოს.


ფოტო: ხობის მუნიციპალიტეტის მერია
Print