ახალი ამბები
არძინბა USAID - ის მიერ დაფინანსებული პროექტების აკრძალვას გეგმავს
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბარია აფხაზეთში მოქმედ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ახალი მიდგომების შესახებ.

მისი თქმით, იკრძალება პროექტები, რომელთა მიზანია „აფხაზეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის კონტაქტების დამყარება“. ასევე, იკრძალება იმ მედიაპროექტების დაფინანსება, რომელთა მიზანია „აფხაზეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის გაშუქება“.

გარდა ამისა, ინალ არძინბამ პერსონა ნონ - გრატად გამოცხადა USAID -ის (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) რეგიონული ხელმძღვანელი ჯონ პენელი.

მისივე განცხადებით, USAID - ს აფხაზეთში 8 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პროექტები უნდა განეხორციელებინა. ამ პროექტის პრაქტიკული განხორციელების დროს, მისი თქმით, გამოიკვეთა ონლაინ და ოფლაინ ფორმატებში დიალოგის პლატფორმების შექმნა, „აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებსა და საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის დევნილებს შორის, პირდაპირი კონტაქტების დამყარება“.

აქვე ნათქვამია, რომ USAID აფინანსებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, სოხუმის „მთავარი მოკავშირის” – რუსეთის ფედერაციისა და ასევე, აფხაზეთის იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, ვინც მონაწილეობს სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში.

მისივე თქმით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ „აფხაზეთში რეალიზდება პროექტები, რომლებიც მიმართულია კრემლის დამღუპველ გავლენასთან საბრძოლველად” და “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად”.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და გაეროს სააგენტოებმა „აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან უნდა შეათანხმონ, არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივებისთვის ფინანსური რესურსების გამოყოფა, ასევე შეთანმებული პროექტების ფარგლებში, ნებისმიერი ღონისძიების ჩატარება“.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, არძინბა ხშირად გამოდის აფხაზეთის რეგიონში მოქმედი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკით. 

მანამდე, ნოემბერში, სოხუმში მოქმედი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების ხელმძღვანელებთან გამართულ თათბირზე არძინბამ განაცხადა, რომ „კარი დაიკეტება ორგანიზაციებისთვის, რომლებიც აფხაზეთს ოკუპირებულად მოიხსენიებენ“.

ინალ არძინბა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის ნოემბერში დაინიშნა.





Print