ახალი ამბები
ააიპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ყოფილი თანამშრომელი მის მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომაზე საუბრობს
ზუგდიდის მერიის ააიპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ყოფილი თანამშრომელი ააიპ-ს მის მიმართ უსამართლო გადაწყვეტილებაში ადანაშაულებს. თამარ ქომეთიანი ამბობს, რომ გამოჩნდა ვაკანსია დარბაზის მართვის კოორდინატორის პოზიციაზე, რომელზეც მიიღო მონაწილეობა, თუმცა, ამტკიცებს, რომ მის კანდიდატურას უარი ყოვლგვარი რეალური მიზეზის გარეშე უთხრეს.


"ვგულისხმობ, რომ ჩემთვის ხელმიუწვდომელია ყველაფერი, ვაკანსიები სადაც გამოცხადდა, ყველგან მბლოკავენ და რატომ, ძალიან მაინტერესებს. მე ვარ წნეხის ქვეშ. ვითხოვ იმ უსამართლობის აღმოფხვრას, რაც ხდება ჩემს წინააღმდეგ. რატომ მიკეტავენ ყველა გზასა და საარსებო წყაროს, რომ ვიცხოვრო ამ ქვეყანაზე. გადარჩევის ეტაპზე მოვხვდი და გასაუბრების ეტაპზე დავრჩი მხოლოდ მე. მითხრეს, გასაუბრება ვერ გაიარეო. მათ არ სურთ თანამშრომელი, რომელიც ყველა დანაშაულებრივ ბრძანებას ბრმად არ შეასრულებს. სწორედ ამიტომ გამიშვეს სამსახურიდან წლების წინ", - უთხრა ჟურნალისტებს ქომეთიანმა.

თავის მხრივ, ზუგდიდის მერიაში ამბობენ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე კონკურსი სამართლებრივი წესების დაცვით ჩატარდა.

"კონკურსში იღებდა მონაწილეობას და ვერ გაიარა შესაბამისი ეტაპები, გადაწყვეტილებას კომისია იღებს და კომისიის გადაწყვეტილებით მოხდა ეს. ვიდეო და აუდიო ჩანაწერებიც არსებობს, რომლებიც თვითონაც აქვს და შეუძლია, მიმართოს სასამართლოს. შემიძლია გითხრათ, რომ სამართლებრივად მოხდა ყველაფერი", - უთხრა რადიო "ათინათის" მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მაგდალინა თოდუამ.

თამარ ქომეთიანმა სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაზე მედიასთან 2022 წლის იანვარში ისაუბრა და თქვა, რომ მასზე ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით განხორციელდა.

მოგვიანებით, უზენაესმა სასამართლომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან გათავისუფლებული თამარ ქომეთიანის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დააკმაკოფილა და მოპასუხეს ქომეთიანის სასარგებლოდ 17 320 ლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

ამავე გადაწყვეტილებით, არ დადგინდა სმსახურდან გათავისუფლების პოლიტიკური საფუძველი.

Print