ახალი ამბები
გალში ახალგაზრდებს სახლიდან გასვლის ეშინიათ, - აფხაზური გამოცემა "მილიციის" განუკითხაობაზე
"გალის რაიონში მამაკაცების მიმართ განუკითხაობა იშვიათობას არ წარმოადგენს", ამის შესახებ გამოცემა "ნუჟნაია გაზეტა" წერს.
მათ ანონიმურობის დაცვით გამოკითხეს რესპონდენტები, რომელთა თქმით, "ახალგაზრდებს სახლიდან გასვლის ეშინიათ".

"მილიციას თუ გადაეყრები, ისინი აუცილებლად რაღაცას გამოეკიდებიან ან 10-20 ათასი (რუბლი) გადაიხადე, ან ცემით შეიძლება მოგკლან", - ყვებიან გალელები.

"თითქმის 30 წელია, ჩვენ ნაბიჯ - ნაბიჯ აღვადგენთ სიტუაციას ამ უკიდურესად რთულ რაიონში. აქ კი ისევ პოლიციის მხრიდან სრული განუკითხაობის წინაშე აღმოვჩნდით, უბრალოდ არ ვიცით რა ვქნათ. ხალხს ეშინია ლაპარაკის. მილიცია თავის ხალხს ხელს აფარებს, პროკურატურაში ისე იქცევიან, თითქოს არაფერი მომხდარა, უფლებადამცველი ორგანიზაციები უმოქმედოდ არიან", - მოჰყავს გამოცემას გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის თანამშრომლის სიტყვები, რომელმაც, არ ისურვა ვინაობის გასაჯაროება.

აქვე აღნიშნულია, რომ დანაშაულის შეტყობინების ეშინიათ გალისა და სოხუმის საავადმყოფოს თანამშრომლებსაც, რომლებმაც დაინახეს თუ რა მდგომარეობაში მიიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სამედიცინო დაწესბულებებში თემურ კარბაია.

"გალის რაიონის მცხოვრებთა სასოწარკვეთა სრულიად გასაგებია. სულ ცოტა ხნის წინ სოხუმში შსს-ს შენობაში წამების შედეგად გარდაცვლილი ანზორ თარბას მკვლელობის საქმე დასრულდა. დამნაშავეები კი არ არიან", - წერს აფხაზური ინტერნეტ რესურსი.

ინფორმაციისთვის, აფხაზურმა ტელეგრამის არხმა "აიაშარამ" გამოაქვეყნა აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარი, რომელშიც არაფერია ნათქვამი კარბაიას მილიციის მიერ ცემის ფაქტზე. ისინი ამტკიცებენ, რომ დაკავებულმა, სავარაუდოდ, თვითდაზიანების მიყენება სცადა და ამიტომაც მოხვდა გალის საავადმყოფოში.

გალში "მილიციის" მიერ ცემის შედეგად გარდაცვლილის ოჯახი ითხოვს დამნაშავეთა დასჯას, ამის შესახებ რადიო "ათინათს" , კარბაიას დისშვილმა, ლიზი კარბაიამ განუცხადა

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, მაგრამ არა მისი უკანონოდ დაკავების მცდელობა.




Print