რეგიონი
ენგურჰესი არის ქართველებსა და აფხაზებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითი - დავითაშვილი
„ენერგეტიკულის გარდა, ენგურჰესი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროექტიცაა, რადგან ის ერთ-ერთი იშვიათი ძაფია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენს თანამოქალაქეებთან თანამშრომლობისთვის, ვფიქრობ - წარმატებული თანამშრომლობის, ასევე ენგურჰესი არის იმედისმომცემი, რომ ჩვენ ერთ დროს შევძლებთ და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ხალხთა შორის კავშირებს აღვადგენთ“,  - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ის ენგურჰესის 45-ე იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. 

მინისტრმა თავის გამოსვლაში ენგურჰესის, როგორც ქვეყნისთვის ათწლეულების განმავლობაში უმნიშვნელოვანესი ენერგო-ობიექტის და ზოგადად, ენერგეტიკის დარგის პოტენციალის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ენგურჰესი ქვეყნის გენერაციის 1/3-ზე მეტს წარმოადგენს და მას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სისტემის სტაბილურობისთვის. ასევე, ეკონომიკის მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის ახალი პროექტების განხორციელების აუცილებლობას.

„ენგურჰესი იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ შეგვიძლია ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგურები ვაშენოთ და ვმართოთ და ქვეყნის ენერგეტიკა განვითარდეს განახლებადი ენერგიების გამოყენების მიმართულებით. საქართველოს ამ კუთხით ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომელსაც ჩვენ სამწუხაროდ, არ ვიყენებთ. თუმცა, დღეს ჩვენთვის ენერგეტიკა პრიორიტეტული დარგი და მიმართულებაა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ჯერ კიდევ შარშან გამოცხადდა, რომ ენერგეტიკა განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებდა ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკაში. მნიშვნელოვნად გააქტიურდა სამინისტროც ენერგოპროექტების, ასევე კერძო საშუალო და მცირე პროექტების განვითარების მიმართულებით. მაგრამ ასევე ჩვენ არცერთი წუთით შეგვიჩერებია მუშაობა მსხვილი, მნიშვნელოვანი პროექტების განვითარების კუთხით, როგორიცაა, მაგალითად, ხუდონჰესი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ენგურჰესის ეფექტურად მუშაობასთან“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ენგურჰესის 45-ე იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დააჯილდოვეს „საპატიო ენგურჰესელები“ - სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, ვინც 45 წლის განმავლობაში უზრუნველყოფდნენ ჰესის ფუნქციონირებას. ამასთან, გაიმართა ენგურჰესის ისტორიისადმი მიძღვნილი, თომა ჩაგელიშვილის მიერ გადაღებული ფილმის პრეზენტაცია და ჩვენება.
Print