ახალი ამბები
ინალ არძინბა სირიაში იმყოფება
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა სირიაში ჩავიდა, "აფხაზურ-სირიული დღის წესრიგის საკითხების განსახილველად", ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს.

დე ფაქტო რესპუბლიკის "საგარეო საქმეთა სამინისტროს" ინფორმაციით, არძინბამ სირიის თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის გენერლებთან ერთად დამასკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი დაათვალიერა და პატივი მიაგო "ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირების" ხსოვნას.

მან ასევე დაათვალიერა სირიის არაბთა რესპუბლიკის სამხედრო დიდების მუზეუმი და სამახსოვრო წიგნში ჩანაწერი დატოვა.

ამავე ცნობით, დაგეგმილი "ოფიციალური შეხვედრების" შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

რუსეთის მოკავშირე სირიის ხელისუფლებამ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" 2018 წლის მაისში აღიარა.

2020 წლის 6 ოქტომბერს დამასკში "აფხაზეთის საელჩო" გაიხსნა.

2021 წლის მაისში სირიას აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია ეწვია.


Print