ახალი ამბები
ასადი არძინბას დაჰპირდა აფხაზეთის მაღიარებელი ქვეყნების წრის გაფართოებას
სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელთან ინალ არძინბასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ის "ყველა ღონეს იხმარს არაბული სამყაროს ქვეყნების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარების გაფართოებისთვის". ინფორმაციას და ფაქტო რესპუბლიკის "საგარეო უწყება" ავრცელებს.

ამავე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა გამოხატეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიმართ მხარდაჭერა და დაგმეს "შეერთებული შტატების ქმედებები და მცდელობები ახლო აღმოსავლეთში, ამიერკავკასიასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში კონფლიქტების გაჩაღებასთან დაკავშირებით".

გარდა ამისა, შეხვედრაზე მხარეებმა "ცალკეული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და  დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების დესტრუქციული გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტუალურობაზე" ისაუბრეს, ", ასევე დაგმეს ისრაელის საჰაერო თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე სირიაში. არძინბამ ხაზი გაუსვა "გოლანის მაღლობების დეოკუპაციის შესახებ" გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების მნიშვნელობას.

სოხუმში აცხადებენ, რომ "ასადმა მიიღო მოწვევა და 2024 წელს ის აფხაზეთში ვიზიტს გეგმავს".

ინალ არძინბა 13 დეკემბერს ჩავიდა დამასკში, სადაც ის სირიის არაბული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა მიიღო.

რუსეთის მოკავშირე სირიის ხელისუფლებამ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" 2018 წლის მაისში აღიარა. 2020 წლის 6 ოქტომბერს დამასკში "აფხაზეთის საელჩო" გაიხსნა.

2021 წლის მაისში სირიას აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია ეწვია.

რუსეთმა საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" 2008 წელს, აგვისტოს ომის შემდეგ ცნო. გარდა რუსეთის და სირიისა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ ვენესუელას, ნიკარაგუას, და ნაურუს.


Print