ახალი ამბები
ტურისტული სეზონის სამ თვეში სამეგრელო-ზემო სვანეთს ადგილობრივი დამთვალიერებლების 6, 9 % ეწვია
2023 წლის მესამე კვარტალში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) სამეგრელო-ზემო სვანეთში რეზიდენტი ვიზიტორების  6, 9 პროცენტმა იმოგზაურა. ამ მაჩვენებლით რეგიონი მეხუთე ადგილზეა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

მეექვსე ადგილს იკავებს სამეგრელო-ზემო სვანეთი ადგილობრივი ვიზიტორების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ქვეყნის შიგნით მოგზაურების 6, 4 % სწორედ ამ რეგიონიდანაა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის თანახმად, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე ყოველ თვე საშუალოდ 1 405 000 ადგილობრივი მოგზაურობდა, მათ მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ კი 1 766 700 ერთეული შეადგინა.

"აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 9.2 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 20.1 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს", - ვკითხულობთ საქსტატის ინფორმაციაში.

Print