ახალი ამბები
სვანეთის აფხაზეთთან დამაკავშირებელი გზის ნაწილი რეაბილიტირდება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სვანეთის აფხაზეთთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციისთვის 5 432 500 ლარის ოდენობის ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საუბარია ხაიში-საკენი-ომარიშარას საავტომობილო გზის კმ0+000-კმ2+200 მონაკვეთზე, რომლის სიგრძე 3.1 კმ-ია და ის საქართველოსა და ზემო აფხაზეთს შორის მიმოსვლისთვის უმოკლესი გზაა.

როგორც პროექტის აღწერაში ვკითხულობთ, სამუშაოები ითვალისწინებს აღნიშნული მონაკვეთის ძველი, დროებითი "სარმი"-ს ტიპის ხიდის ნაცვლად ახალი ფოლად-რკინაბეტონის ერთმალიანი სახიდე გადასასვლელის მშენებლობას.

გამარჯვებულმა კომპანიამ რამდენიმე მომსახურება უნდა უზრუნველყოს, მათ შორის საპროექტო გზის ღერძის აღდგენა და ადგილზე დამაგრება, ბუჩქნარის გაკაფვა, დაზიანებული საგზაო ნიშნების და დგარების დემონტაჟი, დაზიანებული ბეტონის საფარის დაშლა, პირაპირების ჩახერხვა ბენზო ხერხით.

სატენდერო წინადადებები 2024 წლის 13-დან 18 იანვრის ჩათვლით მიიღება, სამუშაოები კი ხელშეკრულების დადებიდან ერთ წელში უნდა დასრულდეს.

Print