ახალი ამბები
ინალ არძინბა ლიბანში იმყოფებოდა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში "სამუშაო ვიზიტის ფარგლებში", ლიბანის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ის ბეირუთში რუსეთის ელჩს ლიბანში ალექსანდრე რუდაკოვს შეხვდა, წერს "აფსნიპრესი". ამავე ცნობით, შეხვედრაზე "აფხაზეთსა და ლიბანს შორის სხვადასხვა განზომილებაში დიალოგის დამყარების არსებული შესაძლებლობები" და "ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების" პერსპექტივები განიხილეს.

ინფორმაციისთვის, ლიბანი არ აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. საქართველომ და ლიბანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1993 წელს დაამყარეს.

მანამდე, 14 დეკემბერს, არძინბა სირიაში ჩავიდა, პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა პირობა მისცა, რომ "ყველა ღონეს იხმარს არაბული სამყაროს ქვეყნების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარების გაფართოებისთვის".

რუსეთის მოკავშირე სირიის ხელისუფლებამ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "დამოუკიდებლობა" 2018 წლის მაისში აღიარა. 2020 წლის 6 ოქტომბერს დამასკში "აფხაზეთის საელჩო" გაიხსნა.





Print