ახალი ამბები
აფხაზი სპორტსმენები მოსკოვმა BRICS - ის ქვეყნების თამაშებში მიიწვია

აფხაზი სპორტსმენები BRICS - ის ქვეყნების ღია ჩემპიონატებში და საერთაშორისო ტურნირებში მიიღებენ მონაწილეობას. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „სპორტის სახელმწიფო კომიტეტის“ პრესსამსახური ავრცელებს.


ამავე ცნობით, შესაბამისი მოწვევა მათ რუსეთის სპორტის მინისტრისგან, ოლეგ მატიცინისგან მიიღეს.

„ეს არის შეჯიბრებების უნიკალური ფორმატი, ჩვენ ვიწვევთ გუნდებს აფხაზეთიდან ყველა ჩამოთვლილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად“, - განაცხადა მან.

მატიცინს ასევე სურს, რომ ერთ - ერთი სპორტული მარათონი, 2024 წლის ოქტომბერში, სოხუმშიც გაიმართოს. რუსმა მინისტრმა აღნიშნა, რომ ღონისძიება შეიძლება გახდეს „ქვეყნის სავიზიტო ბარათი, რაც მთელი მსოფლიოსთვის ტრადიციული აფხაზური სტუმართმოყვარეობის დემონსტრირება იქნება“.

ინფორმაციისთვის, BRICS-ის წევრები არიან: რუსეთი, ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

BRICS - ის ქვეყნების კლუბების მორიგი თამაშები 2024 წლის ივნისში ყაზანში გაიმართება.


 

Print