ახალი ამბები
სენაკის საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტი ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე დაამტკიცა

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2024 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და პარტია “საქართველოსთვის” მხარდაჭერის გარეშე დაამტკიცა.



გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. მანამდე დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და მიზეზად ბიუჯეტში ხალხის ინტერესების გაუთვალისწინებლობა დაასახელეს. სხდომა არ დაუტოვებიათ, თუმცა საკითხის მიღების წინააღმდეგ წავიდნენ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრები.



შეხვედრას ესწრებოდა სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელიაც. სიტყვიერი დაპირისპირება იყო, როგორც მერსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს, ასევე, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებსა და ოპოზიციური საკრებულოს წევრებს შორის.



საბოლოოდ, როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, მათ პრიორიტეტები მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ შეადგინეს და ბიუჯეტი სრულად ასახავს სენაკელების საჭიროებებსა და ინტერესებს.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, სენაკის ბიუჯეტი 22 მილიონ ლარზე მეტია.

 

Print