ახალი ამბები
სოხუმში ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას გააპროტესტებენ
სოხუმში ბიჭვინთის აგარაკის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას გეგმავენ.

მათი თქმით, მიტინგი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში საკითხის განხილვის დღეს გაიმართება, წერს "ეხო კავკაზა".

"ჩვენ ვთვლით, რომ დიპლომატიური მეთოდები არ ჭრის", - განაცხადა ვეტერანთა ორგანიზაცია "არუაას" ლიდერმა თემურ გულიამ.

"ჩვენს სუვერენიტეტს არც ძეხვზე გავცვლით და არც მაღალი გამავლობის მანქანებზე", - ამბობს "სახალხო მოძრაობის" წარმომადგენელი ადგურ არძინბა.

შეხვედრის მონაწილეებმა არ გამორიცხეს, რომ "პრეზიდენტის" ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვონ.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭვინთის აგარაკის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, აფხაზეთის ე.წ პარლამენტმა, შესაძლოა, 28 დეკემბერს მოახდინოს.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში, "მართლმსაჯულების სახლის" გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბიჭვინთის შეთანხმება არის არალეგალური და ხალხის ნების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება.






Print