ახალი ამბები
სოხუმში რუსეთთან სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების შესახებ "შეთანხმებას" დაუჭირეს მხარი
სოხუმში "ეკონომიკურ საკითხებში სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ" რუსეთთან შეთანხმება განიხილეს. 
"აფსნიპრესის" თანახმად, საკითხზე, 21 დეკემბერს, "საერთაშორისო, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის" სხდომაზე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს მის მიღებას. 

ოპოზიცია ხელშეკრულების დამტკიცებას  ეწინააღმდეგება და მოითხოვს, რომ აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ის "პარლამენტიდან" გაიწვიოს. 

მანამდე "ექს - დეპუტატი" ლეონიდ ჩამაგუა აცხადებდა, რომ შეთანხმების მიღების შემთხვევაში "აფხაზეთს მოუწევს რუსეთში მცხოვრები და ამ ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ქართველი დევნილებისთვის ქონების დაბრუნება".

დოკუმენტი ითვალისწინებს "მხარეთა ურთიერთაღიარებას და სასამართლო გადაწყვეტილებებისა და საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟების აღსრულებას, რომლებიც კანონიერ ძალაშია შესული სამეწარმეო და სხვა ეკონომიკური საქმიანობის დროს წარმოშობილი დავებისას".

ინფორმაციისთვის, მომავალ კვირაში "სახალხი კრებამ", შესაძლოა, ასევე იმსჯელოს ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების შესახებ.





Print