ახალი ამბები
სტიქიამ პრობლემები შექმნა სოხუმსა და აფხაზეთის რამდენიმე რაიონში - მედია
24 დეკემბრის ღამეს ამოვარდნილი ძლიერი ქარის შედეგად სოხუმში, სინოპის რაიონში, გზატკეცილზე 8 ხე წაიქცა, იუწყება ქალაქის ე.წ. ადმინისტრაცია.
ამავე ცნობით, კომუნალური სამსახურები დილიდან ასუფთავებენ ქუჩებს. ამ დროისთვის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად არის გახსნილი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სტიქიამ ასევე ზარალი მიაყენა ოჩამჩირის, გაგრის და გუდაუთის რაიონებს. გრიგალმა სახლებს სახურავები გადახადა და ხეები წააქცია. 

უამინდობის გამო, ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობის ნაწილს.

დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების აღსადგენად მიმდინარეობს სამუშაოები, ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც კომპანია „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს.

Print