ახალი ამბები
სოხუმში ბიჭვინთის შეთანხმების რატიფიცირების მოწინააღმდეგეები "პარლამენტთან" იკრიბებიან
სოხუმში ე.წ. პარლამენტის შენობასთან რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის შესახებ შეთანხმების გასაპროტესტებლად იკრიბებიან.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ საკითხის განხილვა ე.წ. პარლამენტში 28 დეკემბრის ნაცვლად, ხვალ 27 დეკემბერს იგეგმება. საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა მოქალაქეებს აქციისკენ მოუწოდეს.

აფხაზური "ტელეგრამის" არხები თანახმად, ოპოზიცია, სავარაუდოდ, სესიის ჩაშლას გეგმავს, წერს "ეხო კავკაზა".

"ჩვენ არსად წავალთ, სანამ ეს საკითხი ხალხის სასარგებლოდ არ გადაწყდება", - განუცხადა ჟურნალისტებს აფხაზმა ვეტერანმა ლევან მიქაამ.

"ჩვენ უკვე პარლამენტის წინ, სკვერში ვართ. ხვალ არის სესია, რომელიც არ უნდა შედგეს და არც გაიმართება", - წერს ვეტერანი ლაშა ზუხბა სოციალურ ქსელში.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "შინაგან საქმეთა მინისტრის" რობერტ კიუტის განცხადებით, სესიის ჩაშლის მცდელობის შემთხვევაში, "სამინისტროს" შესაბამისი რეაგირება ექნება. 

ე.წ. გენერალურმა პროკურორმა ასევე მოუწოდა მოქალაქეებს თავი შეიკავონ აქციაში მონაწილეობისგან.

სოხუმში ბიჭვინთის აგარაკის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების მოწინააღმდეგეები საპროტესტო აქციას გამართვას 28 დეკმბერს გეგმავდნენ.

უფრო ადრე, აფხაზურმა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ მოუწოდა აფხაზ ლიდერს ასლან ბჟანიას, "პარლამენტიდან" გაიწვიოს ბიჭვინთის აგარაკის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების საკითხი.

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ ე.წ. შეთანხმებას სოხუმსა და მოსკოვს შორის 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა ხელი.

დოკუმენტის თანახმად, ბიჭვინთის ცნობილი "სახელმწიფო აგარაკი" და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში 49 წლიანი იჯარით გადადის. მასთან ერთად, ხელშეკრულება ამ მიწის მიმდებარედ, საზღვაო სივრცის, 115 ჰექტარი ფართობის გადაცემის საკითხსაც ითვალისწინებს.

დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობდა დაერწმუნებინა მოსახლეობა შესაბამისი "კანონპროექტის" რატიფიცირების აუცილებლობაში და რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებით აშინებდა მას. თუმცა, აფხაზური ოპოზიციის და საზოგადოების ნაწილი მიუღებლად მიიჩნევს შეთანხმებით ნაკისრი პირობების შესრულებას.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში, "მართლმსაჯულების სახლის" გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბიჭვინთის შეთანხმება არის არალეგალური და ხალხის ნების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება.


Print