ახალი ამბები
ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია, - საგარეო ბიჭვინთის აგარაკის გასხვისებაზე
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი.

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია, ნიშნავს რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.  აქვე ვკითხულობთ, რომ აფხაზეთის რეგიონის ოკუპაციის პირობებში ტერიტორიის გადაცემაზე გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას ვერ ექნება რაიმე სახის სამართლებრივი შედეგი, საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით, ნებისმიერი მსგავსი სახის ე.წ. შეთანხმება იურიდიული ძალის არმქონე და ბათილია:

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისკენ მიმართული მორიგი უკანონო ნაბიჯი. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს მის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება", – ვკითხულობთ ინფორმაციაში. 

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა 27 დეკემბერს გამთენიისას მოახდინა ბიჭვინთის აგარაკების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, იმავე დილას, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ „პარლამენტის“ მიერ მიღებულ კანონებს ხელი მოაწერა და დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა.

"მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

სახალხო დამცველმა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის რატიფიკაციას ანტიკონსტიტუციური უწოდა.




Print