ახალი ამბები
სოხუმში აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ "ფერადი რევოლუციისთვის" პირობების შექმნის მცდლობებს

სოხუმში ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე თბილისისა და ვაშინგტონის რეაქციას ეხმაურებიან.

განცხადებაში, რომელსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი აბესალომ კვარჩია ავრცელებს, ნათქვამია, რომ 2022 წლის დასაწყისიდან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „USAID-ისა და UNDP-ის მექანიზმებით“, ისევე როგორც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების საქართველოს ოფისები, აფინანსებდნენ კამპანიებს „რომელთა მიზანიც საინფორმაციო საზოგადოებრივ-პოლიტიკური პირობების შექმნა იყო რატიფიკაციის ჩასაშლელად, საზოგადოებაში ქაოსის ჩასასახად და აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწიფოთაშორისი და სულიერ - ზნეობრივი კავშირების მოსაშლელად“, წერს "ეხო კავკაზა". 

მისივე თქმით, „აღნიშნული მცდელობები სრულებით ჩაიშალა“, „უპერსპექტივოა კოლექტიური დასავლეთისა“ და საქართველოს სტრატეგია, რომელსაც არქმევენ „ჩართულობას აღიარების გარეშე“. ჩვენ არ დავუშვებთ მის განხორციელებას ჩვენს ტერიტორიაზე“, - აღნიშნა მან.

კვარჩიას თქმით, „რუსეთ - აფხაზეთის ძმური კავშირი არ დაექვემდებარება დასავლელი არასამთავრობო ორგანიზაციების მანიპულაციებსა და რევიზიას“. „ჩვენს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა ჩვენს სუვერენულ ინტერესებთან იქნება ჰარმონიზებული, ის რუსეთის ფედერაციასთან უალტერნატივო კავშირში მდგომარეობს და ნებისმიერი მცდელობა მანიპულირებისა და „ფერადი რევოლუციისთვის“ პირობების შესაქმნელად იქნება აღკვეთილი სუვერენული აფხაზეთის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“, - დასძინა მან. სოხუმი ვაშინგტონს მოიწოდებს „კონცენტრირდეს ქართული მხარის დარწმუნებაზე აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის აუცილებლობაზე“.

„ჩვენ როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა სახელმწიფოებრიობის ათასწლოვანი ისტორიით, სუვერენულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ. მათ, ვისაც გულუბრყვილოდ სჯერა, რომ აფხაზეთის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ურთიერთობების დანგრევა შეიძლება გაცნობებთ, რომ არაფერი გამოგივათ!“ - აცხადებს ის.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მარეგულირებელი კანონის შემუშავებისა და მიღების იდეას ემხრობა.

ცოტა ხნის წინ მათ შეაჩერეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ახალი პროექტების დამტკიცება და მათი განხორციელებისთვის სერთიფიკატების გაცემა.

8 დეკემბერს, აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც აფხაზეთში USAID - ის მიერ დაფინანსებული პროექტები იკრძალება, ხოლო სამხრეთ კავკასიაში USAID-ის მისიის ხელმძღვანელი ჯონ პენელი, პერსონა ნონ გრატად გამოცხადდება.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა 27 დეკემბერს გამთენიისას მოახდინა ბიჭვინთის აგარაკების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, იმავე დილას, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ „პარლამენტის“ მიერ მიღებულ კანონებს ხელი მოაწერა და დაამტკიცა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაცია, ნიშნავს რუსეთის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემის მცდელობას გმობს და ფაქტს უკანონოს უწოდებს.

 

Print