სოხუმმა შესაძლოა 2020 წელს აფხაზეთის დროშის დაწვის ბრალდებით დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქე, ირაკლი ბებუა გაათავისუფლოს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ "ჩეგემსკაია პრავდა" წერდა.
აფხაზური მედია გამოცემის თანახმად, 2023 წლის დასაწყისში მათ ადმინისტრაციაში შევიდა შეტყობინება, რომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის გადაცემის პარალელურად, "რუსული მხარის მოთხოვნით, საქართველოსთვის ირაკლი ბებუას გადაცემის გადაწყვეტილება იქნება მიღებული".
"ახლა შესამჩნევია დათბობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, რაც იმას ნიშნავს, რომ "მოსკოვისა და კრასნოდარისთვის პირდაპირი დათმობების გარდა", როგორც ჩანს, სოხუმმა ასევე "უნდა" უჩვენოს თბილისს, რომ თუ ის უარს იტყვის პროდასავლურ კურსზე, "აფხაზეთისგანაც მიიღებენ სარგებელს", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
"უკანასკნელი ინფორმაციით, ბებუა ერთი თვის წინ "მოულოდნელად" ავად გახდა და იმისთვის, რომ აფხაზეთის ციხეში არ მოკვდეს, გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ მიზანშეწონილია ის ვინმეზე გადაიცვალოს", – წერს "ჩეგემსკაია პრავდა" ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.
26 დეკემბერს, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, ირაკლი ბებუას ოჯახის წევრებს შეხვდა და მათგან მოისმინა ინფორმაცია პატიმრის ჯანმრთელობის პრობლემებსა და პატიმრობის არასახარბიელო პირობებზე.
ომბუდსმენმა ყველა შესაბამის უწყებას
მოუწოდა, რომ "გაატარონ ქმედითი ღონისძიებები ირაკლი ბებუას ჯანმრთელობისა და საპატიმრო პირობების გასაუმჯობესებლად; ასევე, აპარატი, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში გაუწევს მონიტორინგს მის მდგომარეობას".
ირაკლი ბებუა დე ფაქტო სასამართლომ "სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის", "სხვისი ქონების განზრახ დაზიანების" და "საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის" მუხლებით გაასამართლა. მას 2020 წლის 7 დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მასალის გამოყენების პირობები