ახალი ამბები
სოხუმის აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლებს ბელარუსში მოამზადებენ
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომელთა ჯგუფი მინსკში გაემგზავრება, სადაც შესაბამისი სტრუქტურები მას სოხუმის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურისთვის გადაამზადებენ, იუწყება ტელეგრამის არხი „აბხაზია - ცენტრი“.


მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სოხუმის აეროპორტმა ფრენები 2025 წლის 31 მარტისთვის უნდა განაახლოს, მას შემდეგ, რაც მისი რეაბილიტაცია დასრულდება.

2023 წლის სექტემბერში მედია წერდა, რომ რუსეთის უმსხვილესმა აეროპორტებმა უარი განაცხადეს სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე, რადგან ჰოლდინგებისთვის ჯერჯერობით გაურკვეველია, რომელი ავიაკომპანიები იფრენენ არაღიარებულ რესპუბლიკაში.

მოსკოვსა და სოხუმს შორის ბაბუშარას აეროპორტში საქმიანობის აღდგენის შესახებ „შეთანხმება“ სანქტ-პეტერბურგში 2023 წლის ივნისში გაფორმდა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პარლამენტმა“ დოკუმენტის რატიფიცირება იმავე წლის 26 ივლისს მოახდინა. ამავე ცნობით, ბაბუშერას აეროპორტის აღდგენა 2024 წლისთვის იგეგმება.

აფხაზური მედია წერდა, რომ ინვესტორად გამოდის რუსული ინდუსტრიული ჯგუფი Basic Element , რომელთა კომპანიები აკონტროლებენ ან შედიან რუსი ოლიგარქის ოლეგ დერიპასკას ბიზნეს ინტერესების სფეროში.

2023 წლის ოქტომბერში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ, შპს "ინფრასტრუქტურის დეველოპმენტთან", რომლის ერთადერთი მფლობელია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელის, ამჟამად კი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის, რაშიდ ნურგალიევის ერთ - ერთი ვაჟი, რაშიდ ნურგალიევი.

ამავე ინფორმაციით, შეთანხმების პირობებით, აღდგება აეროდრომი, განახლდება 3100 მეტრი სიგრძისა და 45 მეტრი სიგანის ასაფრენი ბილიკი, რაც შესაძლებელს გახდის თანამედროვე რუსული და უცხოური წარმოების თვითმფრინავების მიღებას. ასევე, აშენდება ახალი სამგზავრო ტერმინალი და გარემონტდება ისტორიული აეროპორტის შენობა, ახალი აეროპორტის გამტარუნარიანობა იქნება 1300 მგზავრი საათში.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კატეგორიულად გმობს სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას.


Print