ახალი ამბები
დაზარალებულად არ მცნეს - შოვის სტიქიას გადარჩენილი სენაკელი გიო ადამია
გასული წლის აგვისტოში, რაჭაში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიის დროს შვილთან ერთად გადარჩენილმა სენაკელმა გიო ადამიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ მას და არც სხვა გადარჩენილებს  არ მიუღიათ დაზარალებულის სტატუსი.

"იყო ექსპერტიზები ჩანიშნული და მაგას ელოდებოდნენ. პირველად რომ მივმართე დაზარალებულის სტატუსზე, არცერთს არ მოგვცეს, არ გვცნეს დაზარალებულებად. მერე დავურეკე საახალწლოდ ერთი თუ ორი დღით ადრე, ექსპერტიზის პასუხი მოვიდაო. არ ხართო დაზარალებული, მსუბუქი დაზიანება გაქვთო, ასე მითხრეს", - ამბობს რადიო "ათინათთან" ადამია.

როგორც ის ამბობს, არავინ შეხმიანებია და ინფორმაციის მისაღებად საკუთარი ინიციატივით დარეკა პროკურატურაში. 

"უკვე რამდენი ხანი გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობაში, კანცელარიაში ორი განაცხადი შევიტანე, საერთოდ არავინ გვკითხულობს", - თქვა მან.

ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში, მეწყერი 2023 წლის 3 აგვისტოს ჩამოწვა. ტრაგედიამ 33 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.




ამავე თემაზე:

შოვის სტიქიას გადარჩენილი სენაკელი გიო ადამია - ხელისუფლებისგან ყურადღება არ მიგვიღია

„სიცოცხლისთვის ბრძოლა სპეკულაცია არ არის“ - მეწყერში მოყოლილი სენაკელი გიო ადამია კობახიძეს პასუხობს
Print