ახალი ამბები
აფხაზეთის ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის მარაგი პრაქტიკულად ამოწურულია - აშუბა
1 იანვრიდან აფხაზეთში ბენზინგასამართი სადგურები მასობრივად დაიხურა. ბენზინი ხელმისაწვდომია მხოლოდ “როსნეფტის” და “პოდოროჟნიკის” (ე.წ. პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ანქვაბისა და ე.წ. ეკონომიკის მინისტრის ქრისტინა ოზგანის პატრონაჟის ქვეშ მყოფ) ბენზინგასამართ სადგურებზე, წერს „ეხო კავკაზა“.
დე ფაქტო რესპუბლიკის ასოციაციის პრეზიდენტის არტურ აშუბას განცხადებით, სავალალო მდგომარეობაა აფხაზური კომპანიების ბენზინგასამართ სადგურებზე, რადგან საწვავის მარაგი პრაქტიკულად ამოწურულია და რუსეთის მთავრობის დადგენილებით დაწესებული შეზღუდვების გამო, ნავთობპროდუქტების ახალი პარტიების შემოტანა შეუძლებელია, იტყობინება „აფსადგილ ინფო“.

ამავე ცნობით, მანამდე, „ეკონომიკის მინისტრმა“ ქრისტინა ოზგანმა განაცხადა, რომ რესპუბლიკაში საწვავის „იმპორტის შეზღუდვა დაკავშირებულია რუსეთის მთავრობის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებასთან“, რომელიც კომპანია „როსნეფტს“ და მის შვილობილ კომპანიებს სოხუმსა და ცხინვალში ნავთობპროდუქტების „ექსპორტის“ ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებს. მისივე განმარტებით, მომწოდებლებს შეუძლიათ პირდაპირ დადონ ხელშეკრულება „როსნეფტთან“ და უზრუნველყონ ნავთობპროდუქტების შემოტანა რესპუბლიკაში. 

2023 წლის ნოემბერში რუსეთის მთავრობა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკისთვის საექსპორტო საბაჟო გადასახადის გაუქმების ინიციატივით გამოვიდა.






Print