ახალი ამბები
დახურული ბენზინგასამართი სადგურები - სოხუმი მოსკოვს მიმართავს დახმარებისთვის
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. მთავრობა, რუსეთს მიმართავს დახმარებისთვის, „რესპუბლიკის ნავთობპროდუქტებით შეუფერხებლად მომარაგების საკითხთან დაკავშირებით“. ამის შესახებ „აბხაზია ინფორმი“ წერს.
ამავე ცნობით, აფხაზურმა მხარემ უკვე გამართა რამდენიმე კონსულტაცია და რუსული მხარისგან პასუხს საახალწლო დღესასწაულების დასრულების შემდეგ ელოდებიან.

“აფხაზეთის საწვავის ასოციაციის“ წარმომადგენლის ადამირ გაბუნიას განცხადებით, ბენზინი კომპანიის ექვსიდან ერთ ბენზინგასამართ სადგურზე გაიცემა, სადაც ჯერაც შემორჩა შარშანდელი მარაგი, ისიც მხოლოდ საწვავის კორპორაციული ბარათებით. მისივე თქმით, დანარჩენი ხუთი ბენზინგასამართი სადგური დაკეტილია და თანამშრომლები სამუშაოდ არ გამოსულან.

1 იანვრიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ბენზინგასამართი სადგურები მასობრივად დაიხურა.

მანამდე, "ეკონომიკის მინისტრმა" ქრისტინა ოზგანმა განაცხადა, რომ რესპუბლიკაში საწვავის „იმპორტის შეზღუდვა დაკავშირებულია რუსეთის მთავრობის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებასთან“, რომელიც კომპანია „როსნეფტს“ და მის შვილობილ კომპანიებს სოხუმსა და ცხინვალში ნავთობპროდუქტების „ექსპორტის“ ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებს. მისივე განმარტებით, მომწოდებლებს შეუძლიათ პირდაპირ დადონ ხელშეკრულება „როსნეფტთან“ და უზრუნველყონ ნავთობპროდუქტების შემოტანა რესპუბლიკაში.

გამოცემის ცნობით, “აფხაზეთის საწვავის ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ „როსნეფტთან“ პირდაპირი კონტრაქტების საწინააღდმეგო არაფერი აქვთ, თუმცა, ითხოვენ, რომ სხვა მომწოდებლებთან ხელშეკრულებების დადების უფლებაც მისცენ. 


Print