ახალი ამბები
ჯიხაშკარში ადგილობრივები ჭაქვინჯის ციხის რესტავრაციას ითხოვენ
დღეს, 11 საათზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში ოცდაათზე მეტი ახალგაზრდა ჭაქვინჯის ციხის რეაბილიტაციის მოთხოვნით შეიკრიბა. მათი თქმით, ჭაქვინჯის ციხის კედლები ყოველდღე იშლება, რაც ადგილობრივებისთვის გარკვეულ პრობლემებს ქმნის, დაზიანებულია ელექტრობოძები და იქვე მცხოვრები ოჯახის ეზო.

"ჭაქვინჯის ციხე, რომელიც ჩვენს სოფელში მდებარეობს ყოველდღიურად ინგრევა და ამაზე მთავრობამ უნდა მოახდინოს რეაგირება, რაც რესტავრაციას გულისხმობს. ციხე ეროზიულ ნიადაგზეა და მისიკედლები იშლება, რაც სასწრაფო გამაგრებას საჭიროებს. ამასთან დაკავშირებით გვსურს, რომ მოხდეს მისი კონსერვაცია-რესტავრაცია", - ამბობს რადიო "ათინათთან" აქციის ორგანიზატორი იოსებ შენგელია.

მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა ციხეს ადრეც ჰქონდა, თუმცა ახლა წვიმების შედეგად, ჩამოირეცხა ქვები და დაინგრა კედლის ნაწილები.

"ეს ზიანს აყენებს ადგილობრივებს, საკარმიდამო ნაკვეთებში უვარდება ჩამოშლილი მასა, დენის ბოძებიც დააზიანა და ნამდვილად ქმნის საფრთხეს. ჩვენი პროტესტი მშვიდობიანია და იმედია, მთავრობა გაითვალისწინებს მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, გავაგრძელებთ ბრძოლას", - თქვა მან.

ის ასევე განმარტავს, რომ ადგილობრივებმა უკვე მიმართეს ზუგდიდის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილებას და ელოდებიან შესაბამის პასუხს.

"იმედს გვაძლევენ, რომ მოხდება რესტავრაცია, მაგრამ ჩვენ გვინდა დაჩქარებული წესით, რადგან დღესაც ჩამოინგრა კედლის ნაწილი და ძალიან კრიტიკული სიტუაციაა", - აღნიშნა შენგელიამ.

რადიო "ათინათმა" მიმართა ზუგდიდის მერიის პრესსამსახურს კომენტარისთვის და მოგვიანებით შემოგთავაზებთ პასუხს. 

Print