ახალი ამბები
შამბა ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებაზე - ეს მხოლოდ აძლიერებს ჩვენს უსაფრთხოებას
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "უშიშროების საბჭოს მდივანმა" სერგეი შამბამ განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო გემების ოჩამჩირეში დროებით განთავსება,  კიდევ უფრო გააძლიერებს სოხუმის "უსაფრთხოებას" . ამის შესახებ, მან 2023 წლის შეჯამებისას რუსულ მედიას განუცხადა. 

"ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება რუსეთის ფედერაციასთან. სულ სხვა სიტუაცია გვაქვს დღეს და (რუსული) სამხედრო ყოფნის ნებისმიერი გაფართოება აძლიერებს ჩვენს სახელმწიფოს. გვახსოვს, ომის შემდეგ როგორ იჭერდნენ თურქულ ხომალდებს, რომლებსაც ჩვენთვის სურსათი მოჰქონდა. ეს ყველაფერი მას შემდეგ შეწყდა, რაც ოჩამჩირეში სასაზღვრო ბაზირების პუნქტი გაჩნდა. ამიტომაც, ეს მხოლოდ აძლიერებს ჩვენს უსაფრთხოებას", - აღნიშნა მან.

2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ოჩამჩირის რეგიონში რუსეთის საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზების შექმნის შესახებ განაცხადა.

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ოჩამჩირეში, სამხედრო - საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზის განთავსება, რუსეთის უკანონო, დანაშაულებრივი და აღმაშფოთებელი გადაწყვეტილებაა.





Print