ახალი ამბები
სიტუაცია მხოლოდ გალის სტატისტიკამ "ამოქაჩა", სადაც ერთი განქორწინება დაფიქსირდა, - მედია
აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში გასული წლის დემოგრაფიული შედეგები შეაჯამეს.

გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, დე ფაქტო რესპუბლიკაში 2023 წელს 953 ახალშობილი დაარეგისტრირეს, მათგან 523 ბიჭი და 430 გოგო, რაც 189 ჩვილით ნაკლებია 2022 წლის მონაცემებთან შედარებით, წერს "ეხო კავკაზა", "მმაჩის ბიუროების" მონაცემებზე დაყრდნობით.

აქვე ხაზგასმულია, რომ ბოლო წლებში აფხაზეთში მცხოვრები სულ უფრო მეტი ქალი რუსეთში, კერძოდ კი მეზობელ სოჭში მშობიარობას არჩევს, სადაც ისინი რუსული სოციალური დახმარების პაკეტს იღებენ. შესაბამისად, ახალშობილებისაც იქ არეგისტრირებენ. გამოცემა წერს, რომ სავარაუდოდ, 2023 წლის შობადობის მაჩვენებელი, "რესპუბლიკაში დაბადებულთა დაახლოებით მეოთხედს შეადგენს".

აქვე მოყვანილია ქორწინებების და განქორწინებების სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, 2023 წელს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 634 ქორწინება დარეგისტრირდა, რაც წინა წელთან შედარებით 36-ით მეტია.

თუმცა, ამავე დროს მკვეთრად გაიზარდა განქორწინებათა რიცხვი და მან 514 შეადგინა, როდესაც 2022 წლის შესაბამისი მაჩვენებელი 162 იყო. გამოცემას უთხრეს, რომ "სიტუაცია მხოლოდ გალის რაიონის სტატისტიკამ "ამოქაჩა", სადაც ერთი განქორწინება დაფიქსირდა".



Print