ახალი ამბები
სოხუმში უარყოფენ ინფორმაციას რიწაში "სტალინის აგარაკის" აუქციონზე გაყიდვის შესახებ
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის "სახელმწიფო აგარაკების მართვის განყოფილების" ხელმძღვანელმა ბესლან კვიცინიამ განაცხადა, რომ რიწაში "სტალინის აგარაკის" აუქციონზე გატანის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, წერს "აფსნიპრესი".
ის მოუწოდებს მოქალაქეებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს, რომლებიც მიმართულია "აფხაზურ საზოგადოებაში განხეთქილების შეტანისა და ქვეყნის შიგნით სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ".

მისივე განცხადებით, "ოპოზიციური მედია" ავრცელებს კონკრეტული ადამიანის ვიდეოს, რომელშიც ის ამტკიცებს, რომ აუქციონზე შეიძინა "სტალინის აგარაკი" 850 ათას რუბლად. მისივე თქმით, იქ აშენდება კურორტი მოსკოვის VIP კლიენტებისთვის და მომდევნო ხუთი წლის გეგმის მიხედვით, ობიექტი 800 მილიონ რუბლის მოგებას მოიტანს.

კვიცინია აღნიშნავს, რომ "სტალინის აგარაკი", რომელიც რიწის რელიქტური პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს, "ეროვნული საგანძურია და მისი კერძო პირებისთვის მიყიდვა არ შეიძლება."

მან გაიხსენა 2005 წელს ამავე ობიექტთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს "სტალინის აგარაკის" ყიდვა, რუს ბიზნესმენს და მილიარდერს, ოლეგ დერიპასკას სურდა, რისთვისაც "აფხაზეთის მთავრობას" გაურიგდა 10 მილიონი დოლარის სანაცვლოდ. კვიცინიას მტკიცებით, ასევე სიცრუეა, იმავე პერიოდში გავრცელებული ცნობა, რომ თითქოს, რიწაში მდებარე ობიექტი, მოსკოვის მაშინდელ მერს, იური ლუჟკოვს მიჰყიდეს.

ცნობისთვის, 2023 წლის დეკემბერში, აფხაზმა ლიდერმა ასლან ბჟანიამ ბიჭვინთის "საბჭოთა აგარაკის" რუსეთისთვის გადაცემა დაამტკიცა. უფრო ადრე, იმავე დღეს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე. წ. პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

მანამდე, 2023 წლის ივნისში, სანქტ - პეტერბურგში, მოსკოვსა და სოხუმს შორის ბაბუშარას აეროპორტში საქმიანობის აღდგენის შესახებ "შეთანხმება" გაფორმდა, ხოლო მისი რატიფიცირება "პარლამენტმა" იმავე წლის 26 ივლისს მოახდინა. აფხაზური მედია წერდა, რომ ინვესტორად გამოდის რუსული ინდუსტრიული ჯგუფი Basic Element , რომელთა კომპანიები აკონტროლებენ ან შედიან რუსი ოლიგარქის ოლეგ დერიპასკას ბიზნეს ინტერესების სფეროში.






Print