ახალი ამბები
სოხუმის მე - 2 სკოლის დანაღმვის შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა - „საგანგებო“
სოხუმის მე - 2 სკოლის შენობაში კინოლოგებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ აღმოაჩინეს. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ავრცელებს.

„სამწუხაროდ, უკვე მეორედ მივიღეთ შეტყობინება, რომ სკოლა დანაღმულია, საფუძვლიანად ვიმუშავეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და შსს-თან ერთად, შევამოწმეთ შენობა, შიგნით და გარეთ, სხვენიც. ახლა, როგორც ექსპერტები ამბობენ, შეგვიძლია ბავშვები სკოლაში შევუშვათ“, - აღნიშნა „საგანგებოს“ ხელმძღვანელმა ლევ კვიცინიამ.

შეტყობინება იმის შესახებ, რომ სოხუმის მე - 2 სკოლა დანაღმულია "საგანგებოში" 19 იანვარს, 12 საათზე შევიდა, რის შემდეგაც სკოლის მიმდებარე ქუჩები გადაკეტეს, შენობიდან კი მოსწავლეების და მასწავლებლების ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მაშველები და სპეცსამსახურების თანამშრომლები, ასევე კინოლოგები მუშაობდნენ, წერს "აფსნიპრესი". 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „საგანგებომ“ მე - 2 სკოლის დანაღმვის შესახებ მიიღო შეტყობინება.  გამოცემის თანახმად, მსგავსი რამ, 2023 წლის 14 სექტემბერსაც მოხდა, თუმცა სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არც მაშინ დადასტურებულა.

ლევ კვიცინიას თქმით, უწყება გეგმავს მიმართოს „პარლამენტს“ მსგავსი ქმედებებისთვის სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით.
Print